რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია RIA Novosti-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა წარადგინა შესწორება მოქალაქეობის შესახებ კანონში, რის მიხედვითაც ჯარის შესახებ "ცრუ ინფორმაციას გავრცელების" შემთხვევაში პირს მოქალაქეობა ჩამოერთმევა.
RIA Novosti-ის თქმით, მათ მოიპოვეს შესწორებების შესახებ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტი.
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული შესწორების მიხედვით, მოქალაქეობა ჩამოერთმევა ადამიანს დამატებით 4 "დანაშაულის" ჩადენის შემთხვევაში ჩამოერთმევა.
1) თუ რუსეთის ჯარზე "ცრუ ინფორმაციას" გაავრცელებს;
2) თუ მიმართავს ისეთ ქმედებებს, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად;
3) მონაწილეობას მიიღებს იმ უცხოურ ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში, ვისი ქმედებებიც რუსეთის ტერიტორიაზე "არასასურველადაა" მიჩნეული;
4) თუ ადამიანი საზოგადოებას მოუწოდებს იმ ქმედებებისკენ, რაც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისახავს მიზნად.
„მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს ისეთი დანაშაული როგორიცაა ექსტრემიზმისკენ მოწოდება, სახელმწიფო პირის სიცოცხლის ხელყოფა, შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება, ქურდობა, ძარცვა, ქრთამი, ვანდალიზმი, სახელმწიფო გერბისა და დროშის შეურაცხყოფა და სხვა“ - აცხადებს RIA Novosti.
გამოცემის ცნობით, შესწორებების მიღების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებას მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება ექნება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების განხორციელების დროისა და "ფაქტის აღმოჩენის თარიღის" მიუხედავად.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დადგენილება აპრილში პირველი მოსმენით მიიღო. თავდაპირველ დოკუმენტში მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლად დასახელებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაული, ტერორისტული საქმიანობა, ნარკოტიკების ტრეფიკინგი და დოკუმენტების გაყალბება.
პუტინის შეთავაზებული შესწორებით 4 პუნქტით იზრდება იმ "დანაშაულების" სია, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი შესაძლოა გახდეს.